X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამუშაო შეხვედრაზე აბასთუმანში მიმდინარე პროექტების შესრულების ვადებზე

22 აგვისტო 2026

აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, აბასთუმნის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი გედევანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და კონტრაქტორი  კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს აბასთუმანში მიმდინარე პროექტების შესრულების ვადებზე, სამუშაოების ტემპსა და ხარისხზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დროულად გადაჭრის გზებზე და საჭიროებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონტრაქტორი კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტები უნდა განხორციელდეს დადგენილ ვადებში, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს აბასთუმნის ურბანული განახლებისა და კურორტის განვითარებისთვის დაგეგმილი ახალი პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები და პრიორიტეტები.

აბასთუმნის განვითარება კომპლექსურად მიმდინარეობს და მოიცავს როგორც საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე ურბანულ განახლებას, გარემოს დაცვასა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას. მიზანია, აბასთუმანი თანამედროვე, მოწესრიგებულ და მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, ამასთან, შენარჩუნდეს კურორტის უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული გარემო.